პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი სახსრები საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებას, რამდენიმე წიგნის გამოცემას და ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის კლარნეტის შესყიდვას მოხმარდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტის ფონდში დარჩენილი ნაშთი გამოვიყენეთ. ერთი მხრივ, ეს საახალწლო ღონისძიებებს მოხმარდა და ასევე, რამდენიმე ჩვენს მიერ გადაწყვეტილ ზომებს. ერთ-ერთი ასეთი იყო რამდენიმე წიგნის გამოცემა - შშმ პირის, მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის „ბრმადყოფილის“ მესამე ტომი, ჟურნალი „ხიდი“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის ერთ-ერთი ჟურნალია, რომლის ექვსი თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ დროებით მფლობელობაში გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას. მე მოგიწვევთ გადაცემის ცერემონიაზე და ვუსურვებ მას დიდ წარმატებებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.