„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მუშაობა განაახლა. ერთი თვის წინ საწარმოს ნაწილობრივი გაჩერების გამო, იძულებით შვებულებაში გაშვებული 400 ადამიანი კი სამუშაო პროცესს დაუბრუნდა.
ჩვენი ინფორმაციით, სამუშაო პროცესის განახლების მიზეზი ის ტექნიკური რეგლამენტი გახდა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და რომლის მიხედვით, ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები ხარისხობრივ კონტროლს გაივლიან.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში ერთი ღუმელის გაჩერების ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ იაფფასიანი იმპორტირებული არმატურა გახდა, რაც ბაზარზე დემპინგურ ფასად იყიდებოდა. მაშინ საწარმოში აცხადებდნენ, რომ თუ ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, საწარმოს სრული გაჩერება გარდაუვალი იქნებოდა. შედეგად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 2 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩებოდა.
დეკემბერში საწარმომ ერთი ღუმელი გააჩერა, იანვარში კი მთლიანად საწარმოს გაჩერება იგეგმებოდა. თუმცა „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
რაც შეეხება დღეიდან ამოქმედებულ რეგულაციებს, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.