დედაქალაქის მთავრობა გარე რეკლამის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა და თითოეულ მოქალაქეს ეხება გარე რეკლამის საკითხი, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოსიარულეთათვის.
„ქუჩაში გამოკიდებული გარე რეკლამის აბრები ფოთლებივით ცვივა და ეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საფრთხეს უქმნის, განურჩევლად იმისა ფეხით გადაადგილდებიან თუ ავტომობილით. ამ სფეროშიც მარეგულირებლად 2021 წლამდე მემკვიდრეობით მივიღეთ დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია „აუთდორჯი“, რომელსაც დღეს ახალი ბიზნეს ჯგუფი დააეპატრონა. ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, მე პირადად და ჩვენი ჯგუფი მუშაობს მერიასთან ერთად ამ საკითხზე და დეტალებს უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას.
ეს ტერიტორია არის 2021 წლამდე იჯარით გაცემული და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის დანაშაული, რადგან აუქციონის პირობებით მერია ამ სფეროში რეგულაციის კუთხით, მთლიანად არის გამოთიშული. ბიზნესსუბიექტები ერთის მხრივ თავად არიან ნებართვის გამცემები და მარეგულირებლები, მეორეს მხრივ კი თავად არიან ამ ბიზნესში. დეტალებზე ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე მერიასთან ერთად და უახლოეს მომავალში როგორც კი ინიციატივა მზად იქნება, კონკრეტულ ინფორმაციასაც მივაწვდით საზოგადოებას,“-აღნიშნა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, სარეკლამო ბაზრის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით გარე რეკლამის ბაზარზე ორი წამყვანი კომპანია ფუნქციონირებს: „ალმა“ და Outdoor.ge.