რა გადათამაშება მოხდა გარე რეკლამების ბაზარზე

„გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას „აუთდორჯის“ ახალი ბიზნესჯგუფი დაეპატრონა“.

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„აუთდორჯის“ ახალი მფლობელის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში წერდა. „აუთდორჯის“ გაყიდვას მისი ყოფილი მფლობელი - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც ადასტურებდა, თუმცა, კომპანიის ახალი მფლობელის ვინაობა არ დაუსახელებია. „ბიზნესპრესნიუსის“ მაშინდელი ინფორმაციით კი, „აუთდორჯი“ გარე რეკლამის ბაზრის კიდევ ერთმა მსხვილმა კომპანიამ „ალმა“-მ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ რეესტრის ბოლო, 2018 წლის 22 ნოემბრის ამონაწერით, „ალმა“ შპს „აუთდორ.ჯის“ მფლობელების ჩამონათვალში უკვე ფიგურირებს. კერძოდ, „აუთდორჯის“ ერთ-ერთი მთავარი, 70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Adprojects-ია. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ასევე „ედპროჯექტსია“; 10% კი შპს „ჯეოტეკს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად რეესტრში შპს „ალმა“ ფიქსირდება. შესაძლოა, გარკვეული გადათამაშება "აუთდორჯის" მფლობელ, ოფშორში რეგისტრირებულ მეწილეებს შორისაც მოხდა, რომლის ნახვაც შესაძლებელი არ არის.

ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია „ალმა“ Wissol Group-ის ნაწილია. რაც შეეხება კომპანია „აუთდორჯის“, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელთან იყო დაკავშირებული. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, კეზერაშვილმა კომპანია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიყიდა. მართალია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია რეესტრში არ დაფიქსირებულა, მაგრამ შესაძლოა, ცვლილება ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეწილეებს შორის განხორციელდა, რადგან გარიგებას თავად კეზერაშვილი და იაკობაშვილი ადასტურებდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, გარე რეკლამის სარეკლამო ბაზარი 2017 წელსაც მთელი სარეკლამო ბაზრის 10%-ს იკავებს და 4.7 მლნ დოლარს შეადგენს.

თაია არდოტელი