„აქციზის ასეთი რადიკალური და ბიზნესისთვის მოულოდნელი ზრდა არევს მთლიანდ ბაზარს“ - იმპორტიორები სიგარეტის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ

თამბაქოს იმპორტიორები სიგარეტის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. როგორც „ბრითიშ ამერიქან თობაკოს“ კორპორატიული დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროდუქციის ღირებულების მატების მიზეზი აქციზის და განსაკუთრებით, ადვალური გადასახადის ზრდაა. ზვიად სხვიტარიძის თქმით, ფასი საშუალოდ კიდევ 1,5 ლარით გაიზრდება.

„პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გასამმაგდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ინდუსტრია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. უკვე დიდი ხანია ვითხოვთ აქციზის ზრდის გზამკვლევის დანერგვას, რაც ამ დრომდე ვერ მივიღეთ. აქციზის ასეთი რადიკალური და ბიზნესისთვის მოულოდნელი ზრდა არევს მთლიანდ ბაზარს. ამასთან, მნიშვნელოვნად დაარტყამს მცირე და საშუალო ბიზნესს.“-განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

მისივე განმარტებით, სიგარეტის გაძვირებით მისი მოხმარების შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან, სხვიტარიძე ფიქრობს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდას რამდენიმე ნეგატიური ეფექტი ექნება ბაზარზე.

„აქ არის სამი მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი რასაც მივიღებთ. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფასზე. ფასების რადიკალური ზრდა კი არევს მთლიანად სეგმენტს. თამბაქოს კომპანიები დაიწყებენ მაღაზიებთან კონტრაქტების გადახედვას. ისიც უნდა ითქვას, რომ მცირე და საშუალო მაღაზიებისთვის ეს კონტრაქტები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. 12 000-მდე მაღაზიაზე მაქვს საუბარი. მათგან 70%-ზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო სეგმენტში ხვდება. მეორე - გაიზრდება კონტრაბანდული საქონელი. მესამე - აქციზის რადიკალური ზრდით ვერც მწეველთა რაოდენობის შემცირებას მივიღებთ.“-აღნიშნავს „ბრითიშ ამერიქან თობაკოს“ კორპორატიული დირექტორი.

მისივე თქმით, სიგარეტის შეფუთვაზე ახალი რეგულაციების გავრცელების შემდეგ, არსებული მარაგები თითქმის სრულად ამოწურულია.

„მარაგები არის ძალიან ცოტა, ფაქტობრივად, უმნიშვნელო რაოდენობის. ძველი ტექსტუალური სამედიცინო გაფრთხილების მქონე პროდუქტი მაქსიმალურად ამოვყიდეთ. მარაგები არ დარჩა. ამიტომ მოხდა მყისიერად 50 თეთრით სიგარეტის გაძვირება. ეს მხოლოდ დასაწყისია. ზრდა იქნება უფრო დიდი და მთელი წლის განმავბლობაში 1.5 ლარს მიაღწევს.“-განაცხადა ზვიად სხვიტარძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში “შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შედეგად, პირველი იანვრიდან სიგარეტი უკვე საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა.

ქრისტინე გამთენაძე
პარლამენტს წარედგინება ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი თანაბრდება