2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მხვილი მომწოდებელი ირანია

2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 18,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (18,3 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორამციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,45 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა - 1, 0 ათასი ტონა.

"აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი - 3,9 ათასი ტონა, თურქეთი - 3,0 ათასი ტონა, ირანი - 2,5 ათასი ტონა, გერმანია - 2.0 ათასი ტონა.

შესაბამისად ირანი, რომელიც არ ითვლება ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა",- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 101.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5.8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (96.0 ათასი ტონა).

"ქვეყნების მიხედვით, 2018 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 57.2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 32.4 ათასი ტონა (31,8%), ეგვიპტე - 5.0 ათასი ტონა (4,9%), აზერბაიჯანი - 4.7 ათასი ტონა (4,6%), რუმინეთი - 2,5 ათასი ტონა (2,5%).

2018 წელს საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (104,1 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 98,9% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

2018 წელს საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (15,1 ათასი ტონა)",- აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ნავთობმა ახალი კვირა გაიაფებით დაიწყო
„რეზონანსი" - ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება