“ეს არ არის მხოლოდ "ყაზტრანსგაზის" რიგითი თანამშრომლების დანაშაული, ეს სისტემური "ფეხებზემკიდიაობის" შედეგია, რომლის კვალი მსხვილ ბიზნესმენებამდე და მაღალჩინოსნებამდე მიდის"

“გაზმომარაგების კომპანიას მოთხოვნები ისევ უნდა გაუმკაცრდეს, რათა მას მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეს, მათ შორის, უკვე არსებული გაზგაყვანილობის ქსელის მოვლასა და მის რეაბილიტაციაზე”.

ამის შესახებ, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.

„ძნელი წარმოსადგენია, რომ დეტექტორმა­ გაზის გაჟონვა ვერ აღმოაჩინა იქ, სადაც რამდენიმე საათში დამანგრეველი აფეთქება მოხდა. "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში დასახელებული ხელსაწყო, რომლითაც გამოძახებაზე მისული თანამშრომლები იყვნენ აღჭურვილი, მოძველებულია, მაგრამ მუშაობს. თუმცა დაკეტილ ბინაში ასეთ ხელსაწყოს გაჟონვის კერის აღმოჩენა გაუჭირდებოდა. "გაზსერვერები" კარგად მუშაობს ასფალტიან ზედაპირზე, მინდორში, იატაკზე გაზის კერის ძიებისას, მაგრამ არა ღია სივრცეში. ამასთან, გაზის შესაძლო გაჟონვის ადგილას ეს აპარატი რამდენიმე წუთით მაინც უნდა გააჩერო, თუ გინდა, რომ სიგნალი მოგცეს. შესაბამისად, ამ აპარატით გაჟონვის კერის ან ჰაერში გაზის კონცენტრაციის განსაზღვრა გაუჭირდებოდათ.

"ყაზტრანსგაზს" ბევრად უკეთესი აპარატურა აქვს, მათ შორის ლაზერული ხელსაწყოები, რომლებითაც დაკეტილ ბინაშიც კი შეეძლოთ გაზის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად "გაზსერვერის" გამოყენება არ იყო საკმარისი. არა მგონია, რომ თანამშრომლების გადასაწყვეტი იყოს, კონკრეტულად რა ხელსაწყო უნდა გამოიყენონ გამოძახების დროს. თუმცა, როცა მოსახლეობა შეშფოთებულია და საფრთხე აშკარაა, ინსტრუქციების მიხედვით, მაშინვე მთლიანად უნდა გადაკეტო საცხოვრებელ კორპუსში გაზის მიწოდება, მოახდინო მოსახლეობის ევაკუაცია და შემდეგ გამოიკვლიო კერა.

ჯოხი მხოლოდ ამ ადამიანებზე არ უნდა გადავტეხოთ. "ეს არ არის მხოლოდ "ყაზტრანსგაზის" რიგითი თანამშრომლების დანაშაული, ეს სისტემური "ფეხებზემკიდიაობის" შედეგია, რომლის კვალი მსხვილ ბიზნესმენებამდე და მაღალჩინოსნებამდე მიდის..." ისევ უნდა გაუმკაცრდეს მოთხოვნები გაზმომარაგების კომპანიას, რათა მას მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეს, მათ შორის, უკვე არსებული გაზგაყვანილობის ქსელის მოვლასა და მის რეაბილიტაციაზე,“- აცხადებს სიმონიშვილი.

16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს კი აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თაია არდოტელი
სპეციალისტები დიდ დიღომში აფეთქების ორ კერაზე საუბრობენ და არც დივერსიას გამორიცხავენ
ვინ არის დამნაშავე, ანუ აფეთქებული უპასუხისმგებლობა - რატომ არსებობდა ტრაგედიის განმეორების საფრთხე
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს