„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ვაშლიჯვრის მისამართზე კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დაგვხვდა

ვაშლიჯვარში, 7ა კორპუსში ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

„კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები - ასეთი სურათი დახვდათ ვაშლიჯვარში, 7ა კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში შესულ მაშველებს და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს. აღნიშნული მისამართიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა ადგილზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით დაკეტილ ბინაში შესვლისას სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, თვითნებურად დამონტაჟებული შიდა ქსელი და კუსტარულად გადაბმული რეზინის მილები დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

"თუ გამოძიება დაადგენს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომა, იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია"
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით