"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტის ზრდას"

ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტის ზრდას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა კონფერენციაზე მთავარ გამოწვევებად ღირებულებათა გაძლიერება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, იმპორტის ჩანაცვლება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, ბაზრის დივერსიფიკაცია, მწვანე ეკონომიკის ფარგლებში ბიო წარმოების ხელშეწყობა და საკანონმდებლო რეგულირება დაასახელა.

„იმ არაერთ პროგრამასთან ერთად, რომელსაც ვახორციელებთ, 2019 წლიდან ემატება მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგისა და მესაქონლეობის ხელშეწყობის პროექტები, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის ზრდაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამას გარდა, მინისტრმა სამელიორაციო პროექტებზე, მიწის მართვის პოლიტიკაზე, კოოპერაციის წამახალისებელ პროექტებსა და ღვინის სექტორში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, „ტექნოპარკში“, ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდით იმართება. მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

Uniti Sweden  საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს
2019 წლიდან საქართველოში ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება