მთავრობამ დამატებითი გეგმა შეიმუშაოს, რომელიც მოემსახურება თხილის კულტურის არა მხოლოდ ფაროსანასთან ბრძოლას, არამედ სხვა დაავადების ნაწილში ღონისძიებების გატარებას, - ეს განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის მაისიდან მავნებელთან საბრძოლველად შესაბამისი სამუშოების გასატარებლად სრულ მზაობაში არიან.
“ფაროსანა ძალიან დიდი გამოწვევაა. საკითხთან დაკავშირებით შედგა სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც განხილულ იყო იმ სამოქმედო გეგმის დეტალები, რომელიც სამინისტრომ მოამზადა. სავარაუდოდ, ღონისძიებები მაისში დაიწყება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობამ შეიმუშაოს დამატებითი გეგმა, რომელიც მოემსახურება თხილის არა მხოლოდ ფაროსანას ნაწილში, არამედ სხვა დაავადებების ნაწილში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარებას.
“ამ პროცესს დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება. ფაროსანა არ არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის სხვა დაავადებებიც, რომელიც მნიშვნელოვნად თხილის კულტურას აზიანებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თხილის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვანია დარგის სტიმულირება და სტაბილიზაცია.