27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის  ბიზნეს პერსონა

ყველაფერი 27-28 წლის წინ დაიწყო რამდენიმე წარუმატებელი მცდელობითა და ბევრი წარმატებული ნაბიჯით.

დღეს მის სახელს ისეთი მსხვილი კომპანიები უკავშირდება, როგორიც თუნდაც ”თიბისი ბანკია”.

მამუკა ხაზარაძე bpn.ge-ს საკუთარ ბიზნესგამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესპროცესებზე 2015 წელს ესაუბრა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი, ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

თავის დროზე ბანკი გავაკეთეთ იმიტომ, რომ გვქონდა მაღაზია და გვინდოდა შემოსული ფული სადმე შეგვენახა. საბანკო სექტორი იმ დროს გაჩერებული იყო, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა გადარიცხვა გაჩერდა. სწორედ იმ დროს საქართველოში 250-300 ბანკი მაინც დარეგისტრირდა ძალიან მცირე კაპიტალით, მათ შორის ჩვენც. მახსოვს, ჭავჭავაძეზე მდებარე სხვა მაღაზიების მეპატრონეებმაც მოგვმართეს თხოვნით: მაღაზიაში ფულის დატოვებას ან სახლში წაღებას იქნებ თქვენთან შევინახოთო. შემდეგ მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ფინანსების მიმართ კი არ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, არამედ სხვისი ფულიც გვებარა.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირველი წარმატება ბიზნესში ”თიბისი ბანკია”?

- ბევრი წარმატება გვქონდა ბიზნესში. ფრაგმენტულად ვიზრდებოდით, ისე როგორც ქვეყანა გვაძლევდა ამის საშუალებას. ყველაზე დიდი წარმატება, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ”ბორჯომის” ბაზარზე დაბრუნება იყო. წარმატება იყო ისიც, რომ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ბოთლში ჩამოსხმული წყლის წარმოება და ეს კულტურა ჩვენ დავამკვიდრეთ საქართველოში. ”ბორჯომი” გავხადეთ მულტინაციონალური კომპანია და 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება მისი ექსპორტი. წარმატებაა ”თიბისი ბანკიც”, სადაც ყველაზე დიდი წარმატება ის ხალხია, ვინც ამ ბანკში მუშაობს. ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ამ გუნდის შექმნაა. ალბათ სწორად მივუდექით ამ ადამიანების ძებნას. საბოლოო ჯამში ცხოვრებაც და ბიზნესიც, ირგვლივ მართალი და ერთგული პროფესიონალების შემოკრებაა. ერთგულებაში კი საქმის, იდეის და დასახული მიზნის მიმართ ერთგულებას ვგულისხმობ. როცა ამ კრიტერიუმებით ირჩევ ხალხს, ყველაფერი გამოდის.

- იმ დროს ბიზნესში თეორიული ცოდნა არ გქონდათ და რა იყო თქვენი მამოძრავებელი ძალა - რისკი, აზარტი თუ ალღო?…

- სიახლისკენ სწრაფვა სულ მაქვს. სკოლაშიც ასეთი ვიყავი და ინსტიტუტშიც. აქტიური ვიყავი ყოველთვის და თუ რამე სტუდენტური ღონისძიება ტარდებოდა, სულ ჩართული ვიყავი. როცა ეს ყველაფერი დაინგრა, მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი თავისთვის უნდა ეშველა. ზრდასრული ადამიანი ვიყავი უკვე, დედაჩემის 130 მანეთით და მამაჩემის 180 მანეთით წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში რამე გაგეკეთებინა, თან ჰიპერინფლაციაც დაიწყო. მივხვდი, რომ ბიზნესი იყო ადგილი, სადაც მე უფროსი არ მეყოლებოდა და საკუთარი თავის რეალიზაციას შევძლებდი - ჩემი თავის პატრონი ვიქნებოდი და ეს მომწონდა ყველაზე მეტად. თანაც ბიზნესი ისეთი ”ხილი” იყო, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ასე გავხსენით პირველი საკომისიო მაღაზია, სამხატვრო სალონი... არადა, როცა პეტერბურგში ჩავედით და ნახატები ჩავიტანეთ, ეგონათ, რომ ბიზნესში უკვე ისეთი წარმატებულები ვიყავით, რომ მხატვრობით დავკავდით. არადა 15 ნამუშევარი ჩავიტანეთ სასტუმრო ”ასტორიაში” და უკან დასაბრუნებელი ფული აღარ გვქონდა. ჩემთვის ბიზნესი მშენებლობის პროცესია და არა შედეგი. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ასე მომწონს. ვიცი, რომ თუ პროცესს კარგად გავაკეთებ, შედეგთან აუცილებლად მივალ. ბიზნესი ჩემთვის არასდროს ყოფილა კონკრეტული ციფრი, ალბათ ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ გრძელვადიან ბიზნესებში და ლუდის ოპერაციას თუ არ ჩავთვლით, სწრაფი მოგება არასდროს მიმიღია. ჩვენთან ყველაფერი წლებზეა გათვლილი. როცა შედეგს ვაღწევ, სიცარიელე დგება და ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ არის. ვხვდები, რომ ამ კონკრეტულმა საქმემ შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის თავი ამოწურა და გადავდივარ სხვა თემაზე. ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესის ავტორები ვართ, მათ შორის არის მაღაზიათა ქსელი ”ვულე-ვუ”, ”ბაბილონი”, ”ჩაი გურიელი” და სხვა.

- გარკვეული პიროვნული თვისებებიც თუ არის საჭირო ბიზნესში წარმატებისთვის?

- ეს არის თავისუფლება. პირველ რიგში უნდა იყო ლიდერი. ბიზნესში ორი კატეგორიის ადამიანები არიან - ისინი, ვინც ქმნის ბიზნესს და ისინი, ვინც ამას ყოველდღიურად მართავენ.

- რა უფრო რთულია?

- ორივე რთულია, თუმცა მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქმნის ბიზნესს, რადგან ამას ვერ ისწავლი, ეს შინაგანად უნდა გქონდეს. ლიდერის თვისებები უნდა გქონდეს, რომ წახვიდე რისკზე და წაიყოლო ადამიანები, რადგან მარტო ვერაფერს მიაღწევ. თუ ლიდერი არ ხარ, საქმეს ვერ გააკეთებ. უნდა შეგეძლოს სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო და დაარწმუნო გვერდში მდგომი ადამიანები, რომ შენი კი არ სჯეროდეთ, არამედ იმ იდეის, რომლის გარშემოც ერთიანდებით. მათი უნდა იყოს ეს იდეა, მათი ნაწილიც უნდა გახდეს! თუმცა, უნდა იცოდნენ, რომ ამ იდეისკენ მიმავალ გზაზე კაპიტანი ჰყავთ, რომელიც ამ იდეამდე მიიყვანთ. ამიტომ, ბიზნესის კეთება საინტერესო შემოქმედებითი პროცესია.

- თუ კაპიტანიც შეცდა, დამარცხდა? წაგიგიათ ბიზნესში?

- ძირითადად წაგვიგია არა იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც დრამატული შეცდომა დავუშვით, არამედ იმის გამო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ გვიწყობდა ხელს. დღეს შესაძლოა, სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის, ვინც მოდის და ხედავს, რომ კარგი ოფისი გვაქვს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აქამდე როგორ მოვედით? მხოლოდ წლების მიხედვით რომ დავყოთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი მივაწეროთ, ყველაფერი ნათელი გახდება. 1992 წელს, როცა ბანკი დავაფუძნეთ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო, რუსთაველზე სისხლისღვრა, აფხაზეთის მოვლენები და ა.შ. ამ დროს იქმნება ბიზნესი და რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს? 1995 წელს კუპონი შეიცვალა ლარით, შემოვიდა ვალუტა, რომლის იმედი კრიმინალურ ვითარებაში და არარსებული სავალუტო რეზერვებით არავის ჰქონდა. მთავრობების ცვლა, რევოლუცია, მსოფლიო კრიზისი, რომელმაც საქართველოც ჩაითრია, თითქმის არ მახსოვს წელი, ქუჩები არ ყოფილიყო გადაკეტილი, რომელ ინვესტიციაზეა საუბარი ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად პარალიზებულია - ამ პირობებში გვიწევდა ბიზნესის კეთება.

- ფული რა არის თქვენთვის?

- ჩემთვის ფული ორი რამ არის: ყოფითი საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება, რომელიც არ ცდება საშუალო ოჯახის მოთხოვნებს და კაპიტალი, რომელიც ბიზნესის დაწყების საშუალებაა. როცა ვხედავ, რომ მიტოვებული ქარხნისგან, მიტოვებული პლანტაციისგან რაღაც იქმნება და პატარ-პატარა ბედნიერებები ჩნდება, მათ შორის პირველი ხელფასი და ა.შ., ისეთი განცდა მეუფლება, როგორც მხატვარს, რომელსაც ნამუშევარს შეუქებენ. ვხვდები, რომ ამ პროცესს ვერასდროს შევაჩერებ.

- ქველმოქმედება რა არის თქვენთვის?

- ეს პირველ რიგში ადამიანის კარგად მოსმენა და მისი სადარდებლის გათავისებაა. ხშირ შემთხვევაში, კარგი რჩევა უფრო დიდი ქველმოქმედებაა. თუმცა, არის ადამიანების კატეგორია, ვისაც ჯანმრთელობის ან სხვა პრობლემების გამო მხოლოდ ფინანსური დახმარება სჭირდება. არასდროს გაგვიკეთებია ქველმოქმედება იმისთვის, რომ ეს კორპორატიული პასუხისმგებლობის საკითხია.

- სარკეში რომ იყურებით, რას ხედავთ?

- ჭაღარას ვხედავ... როცა მეუბნებიან: ჭაღარა უფრო გიხდებაო, ვხვდები, რომ რაღაც შეიცვალა, წლები გავიდა, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევთ...

დღეს „თიბისის“ აქციებზე ფასი იზრდება
ბიზნესომბუდსმენი - „თიბისი ბანკის“ აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია