დღეს „თიბისის“ აქციებზე ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციებზე ფასი იზრდება. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისას, ერთი აქციის ფასი 13.10 გირვანქა სტერლინგით დაიწყო, ამ ეტაპზე კი 13.34 გირვანქა სტერლინგია.

თუმცა, გუშინდელი ვაჭრობის დასრულებისას არსებულ ფასთან შედარებით, აქციები 0.89%-ით ნაკლები ღირს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ბირჟაზე აქციების ფასი 6,6%-ით დაეცა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ საღამოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

თაია არდოტელი
ბიზნესომბუდსმენი - „თიბისი ბანკის“ აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
ვინ ფლობს „თიბისი ბანკს“