სახელმწიფო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
„2012 წელს სახელმწიფო ბაღებში განხორციელდა მხოლოდ 11 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს - 4772. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბაღი შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად არის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ასე შემდეგ. 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში-38, რეგიონებში-87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია ვიდრე წინა წლებში“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხის კიდევ უფრო გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში კომპანიისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაეკისრება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა.