„ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა,“-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გავრცელდა, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემოდა. მხოლოდ 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გავრცელების დღეს, „თიბისის“ აქციების ფასი 7%-მდე შემცირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაციაც. 15 თებერვლიდან კაპიტალიზაცია 26.04 მლნ გირვანქა სტერლინგით არის შემცირებული. ამ ეტაპზე „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 704.09 მლნ გირვანქა სტერლინგია.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, მთელ თავის ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნის. იქვე ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ დასცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ, ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.