მამუკა ხაზარაძე საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას გააგრძელებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას გააგრძელებს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიუხედავად, პარლამენტში დღეს მაინც მივა.

ცნობისთვის, ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.

„სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს, დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ხაზარაძესთან ერთად ეროვნული ბანკის მოსმენაც იგეგმებოდა, თუმცა, სებ-მა გუშინ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლა მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ 21 თებერვალს განაცხადა. იმავე დღეს, „თიბისი ბანკმა“ განაცხადა, რომ წყვეტდა ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავას, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დაკისრებულ 1 მლნ ლარიან ჯარიმას შეეხებოდა და ამასთან, ბანკის ცნობითვე, ის ამ ფულად სანქციას გადაიხდიდა. თუმცა, ამის შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პირადად, დამოუკიდებლად კვლავ გააგრძელებდა სამართლებრივ დავას და სარჩელის სასამართლოდან გამოტანას არ გეგმავდა. ამ დრომდე უცნობი იყო რას აპირებდა ხაზარაძე, თუმცა, როგორც მან განაცხადა დამოუკიდებელ დავას სასამართლოში თვითონაც აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

თაია არდოტელი
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები „თიბისი ბანკის“ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან
„თიბისის“ აქციების ფასი იზრდება