„ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე"

ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე, თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მე მგონი, ეს ძალიან წაადგება ყველაფერს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ იმ ტრანზაქციას ეხება, რის გამოც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი.

გარდა სხვა ბანკებისგან აღებული სესხებისა, მამუკა ხაზარაძემ იმ კონკრეტულ მონაკვეთზე ისაუბრა, რომელიც ავთო წერეთელთან მის ურთიერთობას და მისგან 17 მილიონის სესხებას ეხებოდა.

„ჩვენ გვჭირდებოდა თანხა, 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან, ერთი არის ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა თუ რაში გვჭირდებოდა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გარანტია გადახდის არის ეს, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, პარტნიორი და ძალიან ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როცა ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ვაფასებ, რამეთუ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მე მგონი ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის, რა გაქვს გარანტია, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ტყუილია, რომ თანამდებობიდან ვიღაცამ გადამაყენა, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება"
„ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სექტორი შევქმენით, ეს იყო სიამაყე, დღეს კი მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რაღაც მიდის"
„ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს პრაქტიკულად, გვაშანტაჟებდა"