თბილისის მერია "ლიბერთი სითის" მშენებლობის გაჭიანურებაზე განმარტებას აკეთებს

“საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად”,-ასე პასუხობს დედაქალაქის მერია შპს „ომეგა-2007-ს“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მდებარე, „ლიბერთი სითის“ მშენებლობის პროცესის გაჭიანურებაში აღნიშნულ უწყებას ადანაშაულებს.

თბილისის მერიის განმარტებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა 2007 წლის 29 ოქტომბერს გაიცა, ხოლო მშენებლობის ვადა 2009 წლის 1 ნოემბრამდე განისაზღვრა. თუმცა, მას შემდეგ მესაკუთრეთა მოთხოვნის საფუძველზე მშენებლობის დასრულების თარიღი არაერთხელ გადავადდა.

მათივე ცნობით, 2017 წლის 28 დეკემბერს, ტერიტორიის მესაკუთრემ, თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე კვლავ მიმართა, რაზეც უარი ეთქვა, რადგან შეთანხმებული პროექტის მიხედვით სამუშაოები არ განხორციელებულა.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებისთვის დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენს დარჩენილი სამუშაოების ორგანიზების პროექტის წარმოდგენა და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის დასახელება. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია შეაფასოს დამკვეთის მიერ ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მოთხოვნილი ვადის მიზანშეწონილობა და მიიღოს გადაწყვეტილება: მშენებლობის ვადის გაგრძელების, ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

უარის ძირითად საფუძვლად დასახელდა ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში, დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით ნებართვაში არაერთხელ შევიდა ცვლილება, თუმცა, მის მიერ სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად არ განხორციელებულა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უარი საპროექტო ტერიტორიის მესაკუთრის - შპს „ლიბერთი სითი“-ს მიერ გასაჩივრებული იყო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დღეის მდგომარეობით, საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ „ლიბერთი სითი“, კომპანია „ომეგა -2007-მა“ 2017 წლის ნოემბერში იყიდა, თუმცა მერია მშენებლობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც კომპანიის პროექტის მენეჯერი ოლეგ ნიკოლეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტი, რომელიც 2008 წლიდან შეჩერებულია, დაუსრულებელი მშენებლობების კატეგორიაშიც გადის, თუმცა მერიის შესაბამისმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გააგრძელა.

მისივე ინფორმაციით, შპს „ბანი-2007“ მზად იყო აღნიშნული ობიექტი აეშენებინა, 1,7 მლნ აშშ დოლარის ხარჯიც გაიღო, თუმცა ახლა როგორც მშენებლობა, ისე დაზარალებულები „ჰაერში გამოკიდებულნი არიან“.

როგორც ოლეგ ნიკოლეიშვილი აცხადებს, მშენებლობის გაგრძელების თხოვნით კომპანიამ არაერთხელ მიმართა მერიას, თუმცა უარი მიიღო. მაშინ როდესაც „ლიბერთი სითის“ წინა მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამუშაოები არ განუხორციელებია, მერიამ ვადა 7-ჯერ გაუგრძელა.

ნინი ქეთელაური