საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდან გამომიდინარე, გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.
“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.
მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.
ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.
იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:
როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, კიბერდანაშაულის შესახებ და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. როგორც ჩვენთან საუბრისას რესპონდენტები აცხადებდნენ, მათ საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაირიცხა. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ საჩივარი პოლიციაში შეეტანათ.