ვინ ფლობს „რუსთავი 2-ს“

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელსა და მოთხოვნებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მიზანია - კომპანიის გაკოტრება და მისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენა.

სამეწარმეო რეესტრის 10 აპრილის ამონაწერის მიხედვით ნინო ნიჟარაძე სამაუწყებლო კომპანიაში 9%-ს ფლობს. „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, ხოლო საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.

თავის მხრივ „ტელეკომპანია საქართველოს“ 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, 25%-25%-ს - გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-იან წილს კი ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია.

შეგახსენებთ, რომ ნინო ნიჟარაძესა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს თუ დირექტორს შორის დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა. კერძოდ, ჯერ კიდევ 2015 წელს ნიჟარაძე საუბრობდა, რომ მისგან 9%-იანი წილის შეძენა სიმბოლურ ფასად უნდოდათ, ხოლო ამის შემდეგ სურდათ ხელი მოეწერა წესდებისთვის, რომელიც მას ყველანაირ უფლებას ართმევდა. ამის პარალელურად იყო განცხადება გვარამიას მხრიდან, რომ ნიჟარაძე ხელს უშლიდა ტელეკომპანიის საქმიანობას. მეტიც, იმავე 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიჟარაძემ განაცხადა, რომ „ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბე­ბის­თვის მო­იც­ლიდა და პა­სუხს ა­გე­ბი­ნებდა“.

როგორ იცვლებოდნენ მფლობელები „რუსთავი 2“-ში - ტელეკომპანიის 23-წლიანი ისტორია

თაია არდოტელი