„ჯოხის გადატეხვა ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, კიდევ უფრო აღმაშფოთებელია"

ეს კიდევ უფრო მძიმე სურათს იძლევა და არწმუნებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ინვესტორებს, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს არაფრის კეთება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი არაკომპეტენტური და უნიათო ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, რაც ქვეყანაში ზოგად საინვესტიციო მიმართულებაზეც აისახება.

„ჯოხის გადატეხვა ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელია. პრაქტიკულად, ანაკლიის პორტი, იქ მიმდინარე საკითხები, მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშირებული, არამხოლოდ ეკონომიკის მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რასაც დღეს ამბობენ, რომ თურმე, ქვედა დონის ბიუროკრატი გასცემს რაღაცა ნებართვას, რაც მთავრობამ არ იცოდა, ეს კიდევ უფრო მძიმე სურათს იძლევა და არწმუნებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ინვესტორებს, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს არაფრის კეთება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი გასცა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.

„არ გამოვრიცხავ, ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი იყოს - ძალიან აირია სიტუაცია"
„თუ მთავრობას მართლაც სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან კონსორციუმს მშვიდად მუშაობა უნდა აცადოს"
ვინ არის გრიგოლ კაკაურიძე, რომელმაც ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ხელი მოაწერა