„მნიშვნელოვანია, დასახელდეს და დაისაჯოს, ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

მნიშვნელოვანია დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ექსპერტის თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ამასთან, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს და დაისაჯოს მესამე პირი, ვინც ლობირებდა ანაკლიის პორტის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მე ბევრად უფრო მძიმე სურათი მეგონა, რომ ხელისუფლების ხელდასმით ხდებოდა ეს და თუ ეს ასე არ არის, ნამდვილად მისასალმებელია და ზომიერ ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. როგორც ჩანს, მესამე მხარე თამაშობდა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო თამაშს და კარგია, რომ ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა.

ვფიქრობ, გასარკვევია ვინ ლობირებდა ამ საკითხს, რომ ამ მასშტაბური პროექტის საბტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ისე რომ ამის შესახებ ხელისუფლება არ იყო ინფორმირებული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაც ჩინოვნიკი თავისი კეთილი სურვილებით აკეთებდა ამას. ვიღაც ლობირებდა ამ თემას სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ. ვინ იყო ეს პირი, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

„არ გამოვრიცხავ, ნეპოტიზმის, კორუფციული გარიგების მომენტი იყოს - ძალიან აირია სიტუაცია"
„თუ მთავრობას მართლაც სურს ანაკლიის პორტის აშენება, მან კონსორციუმს მშვიდად მუშაობა უნდა აცადოს"
ვინ არის გრიგოლ კაკაურიძე, რომელმაც ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ხელი მოაწერა