მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, საბოტაჟი მთავრობის მხრიდან რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა.
„ჩვენი აზრით, მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. მინდა მოგიყვეთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ბოლო 6 კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, ჩვენ შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, რომ მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ - ჰონგ კონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული ინვესტორი. ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, „ასევე ირონიულია ისიც, რომ ყაზახური და ამერიკული ინვესტორები ითხოვდნენ მარტივ რამეს, ღია მხარდაჭერას მთავრობისგან, რომ მათ პროექტში მონაწილეობა მიეღოთ“.
„ჩვენ ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ამ წერილზე, მთავრობა დაგვპირდა, რომ გააკეთებდა და გაუგზავნიდა ფონდს, მაგრამ წერილი ადრესატს არ მიუვიდა. ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ რადგან ამერიკელები არ ხართ, ვერ მივესალმებით თქვენ მონაწილეობას, რადგან გვჭირდება ამერიკული ინვესტორიო, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და მათ ელემენტარული მინიმუმიც კი არ გააკეთეს, რომ წერილი გაეგზავნათ, მოეწვიათ და დაეპატიჟებინათ პროექტში“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ღია შეხვედრებში დაფიქსირებული პოზიციის განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა დახურულ შეხვედრებზე. სადაც, მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია იყო, რომ ანაკლიის პროექტი არ არის კომერციულად გამართლებული.
„ასევე ძალიან ბევრი იყო საბოტაჟის დამატებითი ფაქტები, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ამაში შედის ჩვენი მთავარი სპონსორების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნა. ასევე, ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემული ნებართვა, რომელმაც ძალიან დააზიანა ინვესტორების განწყობა და კითხვები გააჩინა პროექტის მხარდაჭერაზე მთავრობის მხრიდან. ასევე, კულუარებში, პირადად, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში, არაერთხელ მთავრობამ სტეიკჰოლდერებთან, დაინტერესებულ პირებთან დააფიქსირა, რომ თურმე ანაკლია არ არის კომერციულად გამართლებული და რენტაბელური. საჯარო გამოსვლებში ხდებოდა აბსოლუტურად საპირისპირო. ურთულეს პირობებში, ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით და მოვიძიეთ ინვესტორები, რომლებიც დღესაც კი მზად არიან ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში. მინიმალური რამეა გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან, რაც უზრუნველყოფდა მათ იურიდიულ დაფიქსირებას პროექტში“, - განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, ახვლედიანმა მაია ცქიტიშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება.
„დღევანდელ ბრიფინგზე დაფიქსირებული იყო, რომ ხვალ თუ კონკრეტულ დოკუმენტებს არ წავადგენთ, მთავრობას უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ამ გზას თუ მთავრობა დაადგება, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება, სავარაუდოდ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს გონივრულ ზომებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ასევე, ახვლედიანის განცხადებით, ის არ ეთანხმება მთავრობის პოზიციას, რომ ხუთშაბათს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ანაკლიის განვითარების გეგმა არ არის გაწერილი. როგორც ახვლედიანი აცხადებს, წერილი იურისტებმა შეადგინეს, თუმცა, მის შინაარსზე კონფიდენციალობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.