კვირაზე მეტია, რაც მსოფლიოში ფინანსური ბაზრები და საფონდო ინდექსები ეცემა. მსგავსი ვითარება 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
კორონავირუსისგან მიღებულ პირველ ფინანსურ ზარალზე ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლებაც. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩინეთსა და ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ 1 თვეში 30 მილიონი ლარის ზარალი მოჰყვა. საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებიც შეაჩერა. "მოკლავს" თუ არა კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკას? - ეს კითხვა ისევე აშფოთებს მსოფლიოს, როგორც ინფექციის ახალი შემთხვევები და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოება.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - არა მარტო ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიო ეკონომიკა დადგა ე.წ. შავი გედის პრობლემის წინაშე - ეს მეტაფორა 2007 წელს შემოიტანა ლიბანური წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ნასიმ თალებიმ და გულისხმობს ძნელად ასახსნელ, არაპროგნოზირებად იშვიათ მოვლენებს, რომლებიც მძიმე შედეგებს იწვევს. ასეთი იყო 2001 წლის 11 სექტემბერი, უფრო ადრე ჩერნობილის კატასტროფა, საბჭოთა კავშირის დაშლა და სხვ.
დღეს, ფაქტობრივად, რამდენიმე გარემოების თანხვედრა და ერთობლივი ეფექტია. ჯერ ერთი, საქმე გვაქვს უცნობ შტამთან და არც მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. არნახულია მოსახლეობის მობილობა - ეროვნული საზღვრები, საბაჟო თუ სავიზო რეჟიმები, ფაქტობრივად, ვერ აკავებენ ინფექციის პოტენციურ მატარებლებს. ამას ემატება საინფორმაციო საშუალებები, რომელთა წყალობითაც 14 ათასი კილომეტრით დაშორებულ თათებდათუთქულ კოალას ისევე ვგულშემატკივრობთ, როგორც ჩვენს შინაურ ცხოველს. ამის მსგავსად იჭრება ჩვენს რეალობაში ის საფრთხეები, რომლებიც მრავალი ათასი კილომეტრის დაშორებით არის ვირუსის გავრცელების ეპიცენტრ უხანში.
თუ ამ პროცესებს ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვილაპარაკოთ არა ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაზე, არამედ იმაზე, თუ რა ზარალს მიიღებს ესა თუ ის ქვეყანა და რამდენით შემცირდება მთელი მსოფლიოს შიგა პროდუქტი. 2019 წლის მონაცემებით, ჩინეთზე მსოფლიოს საერთო მშპ-ის 17% და მსოფლიო ეკონომიკის მატების თითქმის 40% მოდიოდა. ჩინეთი ყოველწლიურად 2,5 ტრილიონი დოლარის ექსპორტითა და 1,7 მილიარდი დოლარის იმპორტით, ფაქტობრივად, ბოლო დრომდე მსოფლიო ფაბრიკის როლს ასრულებდა.
- დღეს როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება?
- ოფიციალური სტატისტიკით, ჩინეთში 800 მილიონამდე კაცი დასაქმებულად ითვლებოდა და აქედან თითქმის 27%-ს, 220 მილიონამდე კაცს, ვინც მუშაობა შეწყვიტა, იანვარ-თებერვალში არ განუახლებია. მგზავრების გადაყვანა ჩინეთში 70%-ით შემცირდა, ავტომობილების გაყიდვა კი 92%-ით, თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება, რომელზეც ჩინეთში წარმოებული ელექტროენერგიის 70% მოდის, 1/3-ით შემცირდა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩინეთის ეკონომიკაზე. მსოფლიოში 10 უმსხვილესი სავაჭრო პორტიდან 7 ჩინურია. დღეს ამ პორტებში კოლაფსია, ლოგისტიკა, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოსულია. მძღოლი რომ ტვირთს შეიტანს პორტში, 14-დღიან კარანტინს ექვემდებარება და ტვირთების შეტანის პროცესი, ფაქტობრივად, მოშლილია. არადა, ჩინეთის ტვირთბრუნვის 4/5 საზღვაო გადაზიდვებზე მოდის. საქართველოსთვის წლიურად სამყოფ ხორცს ჩინეთი 6 დღეში მოიხმარს და წარმოიდგინეთ, უკვე მერვე კვირაა, სასურსათო კონტეინერების დიდი ნაწილი გადაუტვირთავია.
ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად ჯანდაცვაზე 300-330 მილიონ დოლარს ხარჯავენ, წარმოების მასშტაბი კი, სხვადასხვა შეფასებით, 1/4-დან 1/5-მდეა შემცირებული, ანუ ყოველდღიურად 9-10 მილიარდი დოლარის მშპ-ს ვერ აწარმოებენ.
- მსოფლიო ეკონომიკაზე რა გავლენას იქონიებს ჩინეთის ეკონომიკის შეფერხება?
- არა მარტო ჩინეთი, არამედ მთელი გლობალური ეკონომიკა მოექცა "შავი გედის" ჩრდილში. უპრეცედენტოდ შემცირდება მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბები, რადგან ჩინეთის ეკონომიკის 1%-ით შემცირებაც კი მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 0,2%-ით შემცირებას განაპირობებს. თუ ასე გაგრძელდა, ჩინეთის ეკონომიკა 20-25%-ით შემცირდება და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დარტყმას მიაყენებს ეს მსოფლიო ეკონომიკას. დაიწყება გლობალური ბაზრების გადანაწილება - თუ ათეული წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიო ფაბრიკად ითვლებოდა, მსოფლიო ბაზარზე უფრო აქტიურ როლს სხვა მოთამაშეები შეასრულებენ.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციამ ნოკდაუნი მიიღო. არ ვიტყოდი, რომ ეს ნოკაუტია, მაგრამ ნოკდაუნი ნამდვილად არის. ყველაზე სწრაფად ეს ტურისტულ სექტორზე იმოქმედებს და როგორც კი კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველო "გაწითლდება", მაშინვე შემაკავებელი გარემოება შეიქნება უცხოელი ტურისტებისთვის. სავარაუდოდ, წელს ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
- როგორ უნდა მოვემზადოთ, რომ ისედაც სუსტ ეკონომიკას დიდი ზიანი არ მიადგეს?
- უპირველესად, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ძლიერი, ადეკვატური და ეფექტიანი. წარმოიდგინეთ, ჩინეთს რომ სუსტი ხელისუფლება ჰყოლოდა, რა სურათს მივიღებდით. ფაქტობრივად, ჩინელმა მედიკოსებმა, როგორც თავის დროზე ჩერნობილის ლიკვიდატორებმა, პირველი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს და მნიშვნელოვნად შეანელეს ამ ვირუსის მსოფლიოში გავრცელების სიჩქარე. ჩვენთან კორონავირუსი თითქმის ორი თვის დაგვიანებით შემოვიდა.
ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ მოვლენათა რამდენიმე სცენარით განვითარების ადეკვატური გეგმა. არასასურველი სცენარის შემთხვევაშიც ადეკვატური და ეფექტიანი პასუხის გაცემა უნდა შეგვეძლოს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკმარისი რეზერვები. ამაში იგულისხმება როგორც ყბადაღებული პირბადეები და მედიკამენტები, ასევე პირველადი მოხმარების საგნებიც, მათ შორის სურსათი.
მეტად რთული პროცესები ვითარდება საქართველოს სამხრეთით. რუსეთიც და თურქეთიც ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან და მათი დაპირისპირება უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ბალანსზე. როგორ შევძლებთ მათ ჩანაცვლებას? სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს თვითკმარი ეკონომიკა და მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციაც რომ ავიღოთ, მისმა უარყოფითმა სალდომ 2019 წელს 356 მილიონი დოლარი შეადგინა. რომ არ გვყოფნიდა, იძულებული ვიყავით თითქმის 400 მილიონი დოლარი გაგვეტანა ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოსატანად.
- გსურთ თქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ჩინეთისგან, ირანისა და იტალიისგან იზოლაციაზე მეტად დამაზიანებელი შეიძლება რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი აღმოჩნდეს?
- მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ტექტონიკური ძვრებია. მოგეხსენებათ, ამ დროს დედამიწის ქანები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ერთდროულად იწყებენ რყევას. თუ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ საფრთხეებს პირობითად ჰორიზონტალურ რყევებს მივაკუთვნებთ, იდლიბთან კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა ვერტიკალურ რყევებს უნდა შევადაროთ. ამიტომ ჩვენთვის ეს ვითარება ორმაგად საშიშია. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს თუ სამხრეთ კორეას დავუმატებ^თ, მათი ერთობლივი წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 14%-ია. ერთი ამდენი მხოლოდ თურქეთზე მოდის, რუსეთზე დაახლოებით 12%. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებია! ჯამში ეს ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 2/5-ზე მეტია. და კიდევ, თუ ამ ქვეყნებში ვითარება დაძაბული იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში სტაბილურობა შენარჩუნდება. პროცესები დომინოს პრინციპით განვითარდება. ამიტომ დღეს ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ამ ვითარებაში გენერალ ემილიო მოლას მეხუთე კოლონა მახსენდება, რომლითაც ის მადრიდის აღებას აპირებდა. ახლა ჩვენთვის ეს მეხუთე კოლონა არის პა-ნი-კა. ეს არ უნდა დავუშვათ! საშიშროებას უნდა დავუპირისპიროთ ორგანიზებულობა, მაღალი მოქალაქეობრივი სიმწიფე და სოლიდარობა. ეს იქნება ჩვენი პასუხი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ გამოწვევიდან.
ბოლოდროინდელ ლარის გამყარებასაც შევეხოთ. მართალია, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანთან, ჩინეთთან, იტალიასა და სამხრეთ კორეასთანაც ჩვენ უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, ანუ ამ ქვეყნებიდან უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ჩინეთთან ეს არის დაახლოებით 650 მილიონი დოლარი, 120 მილიონამდე ირანთან, დაახლოებით ამდენივე იტალიასა და სამხრეთ კორეასთან. და როცა ბაზრები იკეტება და უარს ვამბობთ ამ ქვეყნებიდან ტვირთების ნაწილის შემოტანაზე, ეს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ამცირებს, რაც ლარის გამყარებას უწყობს ხელს. ამიტომ დიდად ნუ ვიამაყებთ, რომ ლარი გამყარდა და ჩვენს ეკონომიკას წინ ვერაფერი დაუდგება.
წყარო: „კვირის პალიტრა"