დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დეტალური რეკომენდაციებით მიმართავს.
ზახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ადამიანები, რომელთაც იზოლაციაში ყოფნა განესაზღვრებათ, სახლში დამოუკიდებელ ოთახში უნდა განთავსდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ.
მისივე შეფასებით, ვირუსთან დაკავშირებით გარკვეული წესების დაცვას ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
„ამ პერიოდში თვითიზოლაცია და იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმისთვის, რომ მოხდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების შეკავება. წესები შედგება 11 პუნქტისგან, რომლის დაცვაც არაა სირთულე. ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ შეუქმნის დამატებით დისკომფორტს. მოგება, ბენეფიტი ამ წესების დაცვისგან იქნება წარმოუდგენლად დიდი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც განესაზღვრება, რომ ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციის მდგომარეობაში და ასეთები არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალებიდან დაბრუნებული ადამიანები, ასევე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლოკონტაქტირებული პირები, ჩამოსვლიდან ან ამ კონტაქტიდან შემდგომი 14 დღის განმავლობაში. რასაც ვურჩევთ ასეთ ადამიანებს ეს არის:
პირველი წესი - დარჩით სახლში. ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, არ უნდა იარონ სკოლებში, სამსახურში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არ უნდა მოახდინონ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ შესაძლებელია, 14 დღის განმავლობაში, ის საჭიროებები, რაც გვიდგება ხოლმე, მაგალითისთვის საყიდლები, დაიკმაყოფილონ სხვა ადამიანების დახმარებით, ან ინტერნეტშეკვეთებით და მიუთითონ, რომ მათთვის განკუთვნილი საგნები დარჩეს მათ კარებთან.
მეორე წესი - შეზღუდონ კონტაქტები მათთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან. თუ ერთ ბინაში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს თვითიზოლაციაში, უნდა იყოს განცალკევებულ საძინებელში და ეცადოს, რაც შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს ოთახიდან. საერთო სივრცეების გაზიარებისას უნდა ეცადოს, რომ ამ სირცეებში შეხება და ოჯახის წევრებთან შეხვედრა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და თუ მაინც ხდება შეხვედრა, გამოიყენოს ნიღაბი. თუ ასეთ ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, რაიმე სხვა მიზეზით, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს იმ ექიმს, ვისთანაც აპირებს ვიზიტს, გააფრთხილოს მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რათა კარგად დაიგეგმოს მისი ვიზიტი. იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.
მეოთხე რჩევა არის ის, რომ მითითების შესაბამისად, გამოიყენოს ნიღაბი.
რჩევა ხუთი - ხველისა და ცემინების ეტიკეტი. ცხვირზე აიფარონ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ მაშინვე უნდა გადააგდონ უსაფრთხოდ.
რჩევა ექვსი - ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
რჩევა შვიდი - არ გამოიყენონ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. თვითიზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. მათ გარეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით.
რჩევა რვა - დააკვრდნენ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიმპტომებს. თუ შეიმჩნევა გაუარესება, აქვთ ტემპერატურა მომატებული, გაუჩნდებათ ხველა ან სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ დაუკავშირდენ საკონტაქტო პირებს. რჩევა ცხრა, ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს. უცხო ადამიანების სტუმრობისგან შეიკავეთ თავი.
რჩევა ათი- რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, თუ გყავთ ასეთი ცხოველები, ეცადეთ, რომ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ. თუ იძულებული ხართ, რომ გქონდეთ კონტაქტი, დაიბანეთ ხელი კონტაქტს შემდეგ.
რჩევა თერთმეტი- ნარჩენებს შეეხება, გამოყენებული ხელსახოცები და ნიღბები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში, შევსების შემთხვევაში პარკს გადაეკვრება თავი, მოთავსდება განმეორებით მეორე პარკში, ამასაც გადაეკვრება თავი და ამის შემდეგ შეიძლება განადგურებულ იქნას საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად და ასეთი ნარჩენების პარკში არ მოათავსოთ საკვების ნარჩენები“,- განაცხადა ზახაშვილმა.