დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ღრმა კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები.
როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ე.წ. მესამეული გადაცემები ფიქსირდება.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებს, იმნაძის თქმით, მან ქართულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რამაც, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება გააადვილა.
"ასეთებს ჩვენ ყველას ვნახავთ. ვინც გუდაურში იყო, ვიცი, რომ ამაზე არის უკვე პანიკა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყანარად, მშვიდად, იყვნენ თვითიზოლაციაში. თუ ძალიან ნერვიულობენ და თუ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდებათ, ამ შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო სამსახურებს. ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი როგორც ამ ადამიანებთან ჩეხეთში, ასევე ჩვენს კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. ჩეხი ინფიცირებული ტურისტი, მიუხედავად ინფიცირებისა, ბინაზე მკურნალობს. მას წასვლიდან მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა აქ აღმოაჩინა, რომ ავად იყო. ჩვენ რამდენიმე დღეა ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ სახლებში და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდონ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.