სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.
როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე შეფერხება იყო. ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების მარაგი აქვს.
„ჩვენი სამინისტროს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელ რგოლთან კოორდინაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სრულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის დაახლოებით, 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი. ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთვევაში, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტობრივად უკონტროლო შესყიდვებს ბევრ სუპერმარკეტში, თუ საცალო ობიექტში. დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები ქვეყანაში კონტროლდება და მოვუხმეთ მოსახლეობას სიწყნარისკენ. ვიცით, რომ ეს შეკვეთები გზაში არის. კლიმატური პირობების გამო ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა რთულდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ მარშრუტებზე სირთულეებია, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით, 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას იქიდან გამომდინარე, რომ გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ პანიკას არ ავყვეთ. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი რამ ხდება, მოკლევადიანად გარკვეული დღეების, ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, რაც ისევ მომხარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, - აცხადებს დავითაშვილი.
მისივე განმარტებით, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მოხდეს.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესებს, იყო პრემიერის განცხადებაც, თითოეული ბიზნესი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. თუმცა, პანიკა ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. ველოდებით, რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზის გაწმენდა მოხდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ძალიან დიდია და ჭარბად არის შეკვეთილი, ვინაიდან ჩვენ რეგულარული მუშაობა გვქონდა ყველა მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სტაბილური ფასები. განსაკუთრებული მექანიზმები გვექნება იმისთვის, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის სავალუტო რისკები იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს კომუნიკაციას ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისთვის, რომ სურსათის მომარაგება ან პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა დავითაშვილმა.