SS.GE – „ზაფხულში უძრავ ქონებაში ფულის ჩადება უფრო გამართლებული იქნება“

თბილისში ბოლო ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა 33%-ით შემცირდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის ეპიდემიაა. მართალია, ფასები ისევ სტაბილურია და არ შეცვლილა, თუმცა, ss.ge-ს ანალიტიკოსების პროგნოზით, მაისში ფასები კლებას დაიწყებს და სწორედ ის პერიოდი იქნება უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებისთვის ყველაზე ხელსაყრელი და გამართლებული.

„დოლარში დანაზოგის დროზე ადრე დახარჯვა არ ღირს, რადგან ზაფხულისთვის მოსახლეობის გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალი იქნება, შესაბამისად, მოსალოდნელია ფასებმა იკლოს. სწორედ ამ დროს უძრავ ქონებაში ფულის ჩადება უფრო გამართლებული იქნება. თუმცა ის ადამიანები, ვისაც ქონების შეძენა სურდათ კორონავირუსის ეპიდემიის კრიზისამდე, უძრავ ქონებას ss.ge-ზე ახლაც აქტიურად ეძებენ“, - ამბობენ ss.ge-ში.

მათივე პროგნოზით, ახლო მომავალში მომგებიანი იქნება ასევე კომერციული ქონების შეძენაც: „კრიზისის გამო, მისი ფასი ეცემა, ხოლო ყოველი კრიზისისა და სტაგნაციის შემდეგ განვითარების პერიოდი იწყება. უძრავი ქონების შეძენისათვის კრიზისის პერიოდი ყველაზე ხელსაყრელ დროდ ითვლება. უძრავი ქონების ბაზარი დროდადრო კარანტინის პირობებში ფუნქციონირებასაც მოერგება“, - აცხადებენ ss.ge-ში.

ცნობისათვის, SS.ge-ს კვლევის თანახმად, 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით თბილისში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა 33%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელები აგრძელებენ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სიახლეების მიღებას ვებგვერდის დახმარებით, ss.ge ის გუნდი კი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და უზრუნველყოფს როგორც უძრავი ქონების მაძიებლების, ასევე განმთავსებლებისათვის კომფორტული და ადაპტირებული გარემოს შექმნას.