“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ასაღები ვალები ბევრ კითხვებს აჩენს”

“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ასაღები ვალები ბევრ კითხვებს აჩენს” - ასე აფასებს სოციალურ ქსელში ბესო ნამჩავაძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მთავრობის ანტიკრიზისული (სოციალური) გეგმა და ასაღები ვალები ბევრ კითხვებს აჩენს და გაურკვევლობა დიდია.

რომ შევაფასოთ, შეეძლო თუ არა მთავრობას მეტად დახმარებოდა მოსახლეობას, ამისთვის 2020 წლის ახალი ბიუეჯეტი უნდა ვიცოდეთ, რაც არ ვიცით. თუ აღმოჩნდა, რომ ხარჯები და პირველ რიგში ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად არ მცირდება და დახმარებებს მხოლოდ ვალებით ვარიგებთ, ეს დიდი უპასუხისმგებლობა და მძიმე შეცდომა იქნება.

ზოგადად, ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის ფულის მიცემას (რეალურად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნებას), ვეთანხმები. გამორთმევა-დაბრუნებას და ამაში საკომისიოს დატოვებას, ჯობია თავიდანვე დაუტოვო, მაგრამ მესმის, რომ ესეც ფორს მაჟორის გამო ხდება. რაც მეტ ადამიანს მოიცავს ფულის დაბრუნება, მით უფრო კარგი იქნება.

მარტის ბოლოს სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 48%-ს მიაღწია, ახალი ვალების და ლარის კურსის გამო შესაძლოა კანონით დაწესებულ ზღვარს - მშპ-ის 60%-საც გადასცდეს. ასევე გადასცდება მშპ-ის 3%-იან ზღვარს ბიუჯეტის დეფიციტი, 8-9% შეიძლება იყოს.

საგანგებო მდგომარეობის დროს კანონი უშვებს შესაძლებლობას ვალი და დეფიციტი კანონით დადგენილ ზღვრებს გადასცდეს, მაგრამ მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს მომავალ წლებში ამ პარამეტრების ზღვრებში დაბრუნების გეგმა. ამის გარეშე პარლამენტში ახალ ბიუჯეტს მხარი არ უნდა დაუჭირონ.

ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველო ძირითადად ორ მხრივ აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში: საგარეო წყაროებიდან შემოსავლების კლება (აისახა ლარის კურსზეც) და ბიუჯეტის შემოსავლების კლება სოციალური ფონის დამძიმების პარალელურად.

თავის დროზე, 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ცუდად დაიგეგმა. ფაქტობრივად, ეს იყო არჩევნებზე გათვლილი ბიუჯეტი. რეალური დეფიციტი (Net lending) იყო მშპ-ის 4%-მდე. 2020 წელს ისედაც იყო დაგეგმილი ნომინალურ გამოსახულებაში რეკორდულად მაღალი სახელმწიფო ვალის აღება - 3 მილიარდ ლარზე მეტის.

ასეთი, კრიზისისთვის ძალიან მოწყვლადი ბიუჯეტით შევხვდით ეკონომიკურ კრიზისს.

კიდევ ერთი გარემოებაა საინტერესო. 2020 წლის ბიუჯეტით ისედაც იყო გათვალისწინებული დაახლოებით 630 მლნ დოლარის საგარეო ვალის აღება და საინტერესოა, ეხლა რომ ამბობენ 1.5 მილიარდი მოვიზიდეთო, ამ 630 მლნ-ის ჩათვლით არის, თუ ემატება ზემოდან.

ამ მოულოდნელმა კრიზისმა ის მაინც უნდა ასწავლოს მთავრობას, რომ მომავალში მიზანი, რაც შეიძლება დაბალი დეფიციტი (რამოდენიმე წელში დაბალანსებული ბიუჯეტი) და ვალის ტვირთის შემცირება უნდა იყოს. გაცილებით დიდი კრიზისი გვაქვს, ვიდრე ფისკალური რისკების და ვალის მდგრადობის ანალიზებში იყო გათვალისწინებული

მაკროეკონომიკური სტაბილურობის ზღვარზე გავდივართ ეხლა და ჯერ იმიტომ არ ვართ დეფოლტში, რომ სახელმწიფო ვალის საშუალო ტვირთით შევხვდით. წლის ბოლოს ვიქნებით ისეთ ვალებში, რომ გაცილებით პატარა კრიზისი მოგვერევა, თუ წინასწარ არ მოვემზადებით.

მომავალზე გეგმებზე ჯერ არაფერია ცნობილი. როგორც ვიცი, სავალუტო ფონდთან შეათანხმეს გეგმები და ფონდი 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, როცა სომხეთის პროგნოზი 4.8%-ია, რუსეთის 3.5%, თურქეთის 5%, ბულგარეთის 6%, სერბეთის 7.5%, ყირგიზეთის 8%. ამათგან, წელს ჩვენზე მეტად ეკონომიკურად სავარაუდოდ მხოლოდ რუსეთი და თურქეთი დაზარალდებიან,“ - წერს ნამჩავაძე.

თაია არდოტელი
"დაპაუზებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ მოგვიწევს" - როგორ შეაკავებს მთავრობა გაჭირვების პანდემიას?
ვის შეეძლება 27-28 პრილს ჩაკეტილ დიდი ქალაქებში დაბრუნება
ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც დღიდან დასაშვები ხდება