„ზარალი ათობით მილიონი ლარია, მომავალი წლის თებერვლამდე ვიქნებით კრიზისულ ვითარებაში“ – „რითეილ გრუპ ჯორჯია“

„ზარალი ათობით მილიონი ლარია, მომავალი წლის თებერვლამდე ვიქნებით კრიზისულ ვითარებაში“,- ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, კომპანიაში გაერთიანებული ბრენდული მაღაზიები ნულოვანი შემოსავლის პირობებში არიან და სავაჭრო მოლების გვიან გახსნა, მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. როგორც რეზო მაღალაშვილი აცხადებს, ბრენდებს დაახლოებით, 8 თვე თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს მუშაობა.

ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

„ჩვენ თბილისში წარმოდგენილი ვართ დაახლოებით, 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიით. ესენია, „ზარა“, „მასიმო დუტი“, „მანგო“ და აშ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ჩვენი შემოსავალი ნულოვანია. კერძოდ, მარტის 20-ის შემდეგ და მთლიანი აპრილი.

რაც შეეხება ზარალს, ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდია. არაერთ მილიონ ლარზეა საუბარი.

გარდა იმისა, რომ ამ ორ თვეში ზარალი ათობით მილონი ლარია, ამ პერიოდიდან გამოსვლა იქნება ყველაზე რთული. იმიტომ, რომ „რითეილში“ ჯაჭვური რეაქციით ხდება ყველაფერი. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვყიდით სეზონურ პროდუქციას და მოგვიწევს სეზონის გამოტოვება. შემდეგ უკვე, დაწევას დასჭირდება დახლოებით, 8 თვე. ფაქტობრივად, მომავალი წლის თებერვლამდე ვიქნებით კრიზისულ ვითარებაში.

როგორც პრემიერის განცხადებიდან გავიგეთ, სავაჭრო მოლები დაახლოებით 2 თვეში გაიხსნება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ფინანსური თვალსაზრისით და 2021 წლამდე გადარჩენის რეჟიმში იქნება ყველა რითეილერი“,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ამ დრომდე ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შეძლო, მარტის ხელფასებიც გაისტუმრა, თუმცა შემოსავლის გარეშე, რა იქნება მომავალ ორ თვეში, რთული სათქმელია.

„ჩვენმა კომპანიამ სრულად გასცა მარტის ხელფასები. აპრილის ჯერ არა, თუმცა სავარაუდოდ, სრულად ვერ გავცემთ. ფიზიკურად აღარ არის ამის საშუალება. თუმცა, სამსახური ჩვენთან ყველამ შეინარჩუნა. ბოლო თეთრი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეს პერიოდი სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე გადაგვეტანა. საბედნიეროდ, ჯერჯერობი მოვახერხეთ. შემდეგი ორი თვე კი, ნულოვანი შემოსავლის პირობებში, ურთულესი იქნება. რა თქმა უნდა, ამაზე ვიმუშავებთ, თუმცა ვერაფრის პირობას ვერ ვდებთ.

სხვა „რითეილერებისთვის“ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. ჩვენ შედარებით მსხვილი ჯგუფი ვართ. ზოგადად სექტორი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ მარტის ხელფასების გასტუმრებაც ვერ შეძლო, ან არასრულად გასცა. აპრილზე საუბარიც კი ზედმეტია“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.

ნინი ქეთელაური
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც საქმიანობის უფლება ჩამოერთვა
როგორ შეძლებენ ფულადი კომპენსაციის მიღებას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს
ამართლებს თუ არა სარესტორნო ბიზნესში მიტანის სერვისი - "ობიექტების ნაწილი საკითხზე მუშაობს"