„ფასებით ჩვენ ვუსწორდებით ევროპასა და აშშ-ს, თუმცა არა ხარისხით“ - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება საქართველოში

2022 წელს მსოფლიოში უძრავ ქონებაზე ფასები კიდევ გაიზრდება, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც ეს 2021 წელს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN მსოფლიოს რეალტორთა ეროვნული ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფასების ზრდას პროგნოზირებენ საქართველოშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელი დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, გაძვირების ძირითადი მიზეზი სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა და ე.წ. ლიმიტირებული ადგილები გახდება.

„2022 წელს ბაზარზე ნამდვილად მოსალოდნელია ფასების ზრდა. ეს, ერთის მხრივ გამოწვეულია სამშენებლო მასალები ფასების ზრდით, სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებითა და ასევე ლიმიტირებული ადგილებით დედაქალაქში. შესაბამისად, რაც უფრო მეტად იწურება ე.წ. პრესტიჟული ადგილები, მით უფრო იმატებს ფასი ასეთ ლოკაციებზე.

რაც შეეხება შესყიდვების ნაწილს, კარგ ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, პირიქით, გვიჭირს ხოლმე შესაბამისი ქონების პოვნა. რომ ვისაუბროთ, რა არის უძრავი ქონების კომპანიებისათვის პრობლემა, ეს არის ხარისხიანი მშენებლობების სიმცირე და თუ ასეთი არის, მომენტალურად ხდება რეალიზაცია. ასევე, პრობლემაა არეული ფასები, შეიძლება ერთ ქუჩაზე 2 000 დოლარიანი სხვაობა იყოს ფასში, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუმცა ალბათ, ყველა დამიდასტურებს ვინც ამ სფეროშია, რომ მყისიერად იყიდება მაღალი კლასისა და ხარისხის ბინები.

ჩვენი ძირითადი სეგმენტი უცხოელები არიან, რომელთათვის ძალიან გვიჭირს კარგი ბინების შეთავაზება. ნამდვილად ვერ დავიწუწუნებთ, რომ მოთხოვნა არ არის, მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, უფრო მიწოდება გვიჭირს, დაახლოებით, 5 წელია ეს ტენდენციაა, გარდა პანდემიის საწყისი პერიოდისა. ქალაქს ვიზუალურად რომ შევხედოთ, ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა, მაგრამ მაინც ძალიან ლიმიტირებულია ხარისხიანი და ლიკვიდური ქონება. ვინც ყიდულობს - ეს ორივე, ცხადია ყველასთვის პრიორიტეტულია.

ასევე, როგორც წესი, პრობლემაა ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა. ვამბობთ, რომ ეს არის პრემიუმ/ბიზნეს/A კლასი. სინამდვილეში კი, ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია და ამას ხშირად აღნიშნავენ უცხოელებიც. ფასებით ჩვენ ვუსწორდებით ევროპასა და აშშ-ს, თუმცა არა ხარისხით. ეს ცხადია, ყველა კომპანიას არ ეხება და არიან გამონაკლისებიც, რომელთა პროექტებში ფასები და ხარისხი შესაბამისობაშია. საუბარი მაქვს ძირითად ნაწილზე, ალბათ, ყველას გაგვიგონია ფრაზა, რომ ძველი აშენებული ჯობია და უფრო მყარია, მაშინ როცა საშენი მასალებიც და ტექნოლოგიებიც ძალიან არის გაუმჯობესებული, ნამდვილად სირცხვილია ისეთი ხარისხით შენება, რომ ძველი ჯობდეს“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.

თამარ მუკბანიანი