„საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა პორტფელები არ გაასხვისა“ - ფინანსთა მინისტრი სესხების განულების პროგრამაზე

დარჩნენ კიდევ ადამიანები, რომელთაც სესხები არ გაუნულდათ, რადგან საფინანსო ინსტიტუტებმა პორტფელები არ გაასხვისეს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდა შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერის პროექტი წარმატებულია და შეცდომები პრაქტიკულად არ არის.

„ბოლო პერიოდში იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით. მათ შორის, მეც ვღებულობდი ინფორმაციას, რომ ზოგიერთმა თავისი თავი იქ ვერ იპოვა, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რის გამოც, იქ უნდა ყოფილიყო. პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. ნახავდით, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო და 4 მილიარდამდეა ჯამური თანხა, რაც ჩამოეწერებათ. უბრალოდ, დარჩა კიდევ ადამიანების რაოდენობა, რადგან გამსესხებელმა საფინანსო ინსტიტუტებმა არ გაასხვისეს ეს პორტფელები, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდა შეთანხმება. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილი მაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან“ და ეს რიცხვი - 600 ათასი ფიზიკური პირი კიდევ უფრო გაიზრდება. ხელშეკრულების გაფორმება ვისთანაც მოხდა, ყველა უკლებლივ აისახა. პრაქტიკულად შეცდომები მინიმალურია, არ არის, თუ აღმოჩნდება, მყისიერად სწორდება. ძალიან წარმატებული პროექტია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ასეთი რაღაც აღარ დაგვჭირდება“, - განახადა ივანე მაჭავარიანმა.

"მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა"
ივანე მაჭავარიანი სესხების განულების პროგრამაზე - 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის
ვალების განულების თაობაზე შექმნილ პრობლემებზე კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე აცხადებს