დღეიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი, 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება.
„8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება. მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია. 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის დაფიქსირება დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.
8 იანვრიდან ასევე ძალაში შედის მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.
სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსის ცნობით, მოქალაქეებისგან იღებენ ინფორმაციებს, რომ დაწესებულებებში, რომლებშიც მხოლოდ დაცვის ან „ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია.
მოქალაქეების მხრიდან გვაქვს ინფორმაციები დამრღვევი კაფე-ბარების, რესტორნების და ღამის კლუბების შესახებ, რომელთა სივრცეში მხოლოდ დაცვის ან „ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს მცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ თქვენ დააფიქსირებთ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტს, შეგიძლიათ მშვიდად გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და დარეკოთ 112-ზე, ან სპეციალური აპლიკაციის საშულებით, ჩათში მიწეროთ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართი. კანონი არ გავალდებულებთ, თუ თქვენი სურვილი არ არის, შეხვდეთ საპატრულო პოლიციას. თქვენ შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში პოლიციელს, მოწოდებულ სატელეფონო ნომერზე, ვაიბერის საშუალებით გადაუგზავნოთ დარღვევის დამადასტურებელი ვიდეო ან ფოტომასალა. ამ ტიპის აქტიურობით მნიშვნელოვნად დაეხმარებით კანონის აღსრულებას და საზოგადოებაში კულტურული და ეთიკური ნორმების დამკვიდრებას. გახსოვდეთ, როდესაც დახურულ სივრცეში ეწევიან, არღვევენ კანონს, თქვენ კი არ გაქვთ ამ დარღვევის თმენის ვალდებულება“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.