ვეფხისტყაოსნის ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე - იდეა თბილისის მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 352 მიმდინარე, 263 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც გლდანის ნაგავსაყრელზე "ვეფხისტყაოსნის" ტყის დაარსებას გულისხმობს.

„გლდანის ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში წამლავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ნარჩენების დაწვისას წამოსული სმოგი მიკრორაიონების თავზე ღრუბელივით იდგა და დამწვარი ცელოფნისა და პლასტმასის სუნი დაკეტილი ფანჯრებიდანაც კი აღწევდა. ახლა ნაგავსაყრელი დაკეტილი და დაკონსერვებულია. თვითლპობის პროცესს კიდევ ათეული წელი დასჭირდება, თუმცა, არის ადგილები, სადაც ნარჩენები სრულად უტილიზებულია.

ვფიქრობ, რომ გლდანში, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა. რაკი არ გვაქვს "ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, "ვეფხისტყაოსნის" ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთვის.

პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება: 1 - ქალაქისთვის სუფთა ჰაერი. 2 - "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაცია. 3 - ტურისტული ადგილის შექმნა. 4 - მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება. 5 - განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს "საკუთრების" განცდა გაუჩნდებოდა,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 18 მარტამდეა.

Zip Line სატელევიზიო ანძაზე - მოქალაქის იდეა მერს
skydiving - საპარაშუტო სიმულიატორი თბილისში - იდეა მერს