ბოლო მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდში 23,122 ტონა იყო ექსპორტირებული.
სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,836 ტ) და უკრაინა (6,424 ტ), ასევე სომხეთი (2,767 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსი (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).
მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, 13,638 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 8,320 ტონას შეადგენდა.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501) მოქმედებს.