მამუკა ხაზარაძე - დიდ ეჭვს იწვევს, რომ გადაწყვეტილების მიღება  ასეთი აჩქარებული ტემპით  ხდება მაშინ, როდესაც ასე ახლოს ვართ  ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ეროვნული ბანკის მოთხოვნას მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

მან განცხადება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, "თიბისის", ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სებ-ი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, "თიბისელების" გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს "თიბისი", რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!,"-წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის  ბიზნეს პერსონა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს