ადვოკატი - მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც წერილზე ისაუბრა - გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია

წერილთან დაკავშირებით გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გენერალურ პროკურატურაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მისცა ჩვენება. როგორც კი გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას მასაც წარვუდგენთ. ხაზარაძემ გამოძიებას დაუსახელა ის პირები, ვისთანაც ამ წერილზე ისაუბრა იანვარში, მათ შორის ელჩები და ბიზნესმენები. მან დაასახელა ის ორი პირი, ვისაც იმ საღამოსვე ესაუბრა, როცა წერილი მიიღო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია გამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურას შეეძლო თუნდაც ის ადამიანები გამოეკითხა, ვისაც ხაზარაძემ ეს ინფორმაცია მიაწოდა, ვინაიდან მათ შეიძლება რაიმე ისეთი ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც გამოძიებას გამოადგებოდა.

რაც შეეხება წერილის გამოქვეყნებას, ხაზარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ფაქტი დადებითია, ვინაიდან საზოგადოება გაეცნობა, თუ რა წერია იქ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

ხაზარაძემ პროკურატურას იმ ბიზნესმენების ვინაობა დაუსახელა, რომელთაც წერილის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში იცოდნენ
რა სახის ექსპერტიზა უტარდება ლონდონში მამუკა ხაზარაძის გაგზავნილ  წერილს
„სირცხვილი თქვენ - „თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა“