ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ, 14,4 დოლარით/ბარელზე (25,1%-ით) და დღეისთვის 71,73 დოლარს/ბარელზე შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფასების მკვეთრი მატება განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდება და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ, ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრეტული შედეგები უკვე გამოიღო. კერძოდ, ირანში შემცირებულია ნავთობის ყოველდღიური მოპოვება 3,33 მლნ/ბარელიდან (ოქტომბერი) - 2,71 მლნ/ბარელამდე (მარტი), ხოლო ვენესუელაში 1,19 მლნ/ბარელიდან (ოქტომბერი) – 890 ათასი/ბარელამდე (მარტი). ასევე, ბოლო პერიოდში ლიბიაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია და „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით, 214,75$-ით/ტონაზე ანუ 45,4%-ით, 688,0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 114,5$-ით/ტონაზე ანუ 22,6%-ით, 620,50 დოლარამდე/ტონაზე.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რასაც პირდაპირ უკავშირდება საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისთვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, შეადგენს 2,6912 ერთეულს.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, წლის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ, 15-20 თეთრით ლიტრზე. კერძოდ, დღეისთვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,22-2,32 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,32-2,42 ლარი/ლიტრზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,43-2,52 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,49-2,62 ლარი/ლიტრზე",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მხვილი მომწოდებელი ირანია
ნავთობმა ახალი კვირა გაიაფებით დაიწყო
„რეზონანსი" - ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება