2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.
„2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.9 პროცენტული პუნქტებით.
ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.1 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქოდასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქოდასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებშიგაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის,აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით , ხოლო აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით არის შემცირებული. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.