„ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე 79-დან 83-მდე გაიზარდა“

ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარი, რომელიც ბოლო დრომდე საბაზრო ეკონომიკის ოთხი ძირითადი ჰიპოსტასიდან (საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და შრომის ბაზრები) ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდა, თანდათანობით იუმჯობესებს მდგომარეობას და ხარისხობრივ პარამეტრებს.

მისი თქმით, ბოლო ათი წელია, უმუშევრობის დონე წლიდან წლამდე მცირდება და 2018 წელს, 2003 წლის შემდეგ დროინდელ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა - მან მხოლოდ 12.7 პროცენტი შეადგინა (წინა, 2017 წელთან შედარებით - 1.2 პუნქტით ნაკლები).

ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო ერთი წლის მანძილზე 12.4 ათასით შემცირდა და 1694.2 ათასი კაცი შეადგინა.

არჩვაძის თქმით, დასაქმების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია არა იმდენად ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით (-6.1 ათასი კაცი), რამდენადაც დასაქმებულ მოსახლეობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობის საგრძნობი კლებით (-48.2 ათასით).

„ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობრივი პარამეტრების გაუარესების ფონზე 2018 წელს ადგილი ჰქონდა დასაქმების და შრომის ბაზრის ხარისხობრივი პარამეტრების არსებით გაუმჯობესებას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ერთი წლის მანძილზე თითქმის 36 ათასით (4.4%-ით) გაიზარდა (მათ შორის დიდწილად, თვითდასაქმებულების მნიშვნელოვანი ნაწილის შედარებით დაბალმწარმოებლური აგრარული სექტორიდან დაქირავებულთა კატეგორიაში გადასვლის გამო გაცილებით მაღალმწარმოებლურ ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებში), რის შედეგადაც პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას,“ - განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს საქართველოში ყოველ 100 თვითდასაქმებულზე მხოლოდ 93 დაქირავებით დასაქმებული მოდიოდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი - 103 -ია.

„გაიზარდა იმ ოჯახების, შინამეურნეობების რაოდენობაც, რომლებშიც შრომისუნარიანი წევრები დაკავებულები იყვნენ სტაბილური ანაზღაურებითი შრომითი საქმიანობით. ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე გაიზარდა 79-დან 83-მდე.

დასაქმების, სამუშაო ძალის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეკონომიკაში დაქირავებული სამუშაო ძალის გაზრდილი რაოდენობის ხარჯზე შეიქმნა დაახლოებით 2.3-ჯერ მეტი დამატებული ღირებულება იმასთან შედარებით, რისი ჰიპოთეტური ზარალიც მან განიცადა თვითდასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების გამო. დასაქმების აღნიშნული სტრუქტურის პოზიტიური ცვლილების (დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირება) წმინდა ეკონომიკურმა ეფექტმა წელზე გაანგარიშებით 140 მილიონ ლარს გადააჭარბა.

უმუშევრობის შემცირება დაფიქსირდა შრომითი რესურსებით ფაქტობრივად ყველაზე მრავალრიცხოვან რეგიონებში (თბილისი, იმერეთი, აჭარა), რაც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული რეგიონების როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ისე მათი მოსახლეობის მიგრაციული სალდოს გაუმჯობესებაზე,“ - აცხადებს არჩვაძე.

ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა
„მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა, თუმცა, დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში“
„საქსტატი“ - უმუშევრობის დონე  კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში