2018 წელს დაქირავებულთა რაოდენობამ  თვითდასაქმებულებს პირველად გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს დაქირავებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.

მათივე ცნობით, 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება.

„2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.9 პროცენტული პუნქტებით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი
„ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე 79-დან 83-მდე გაიზარდა“
ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა
„მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა, თუმცა, დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში“