ვაკის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
კერძოდ, დედაქალაქის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 520 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის ძირითადი მიზანია, ვაკის პარკისთვის შეიქმნას რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების და გადაკეთებების გარეშე.
ამასთან, გასათვალისწინებელია პარკის ისტორიული იერსახის შენარჩუნება. პრიორიტეტულია კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის შესაბამისი ზონების მოწყობით.
„სასურველია პარკის ტერიტორია დაიყოს შემდეგ ზონებად: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; ამფითეატრი; სპორტული სივრცე; საბავშვო სივრცე; სამაგიდო თამაშების სივრცე; პავილიონი ან/და საზოგადოებრივი სივრცე (არსებული შენობების გათვალისწინებით); ძაღლების სასეირნო სივრცე; საპიკნიკე სივრცე; ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; მოეწყოს დამატებითი ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან.
ამასთან, პარკის მთელ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები; საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები; პარკის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნას (მიშველაძის ქუჩისა და კუს ტბის მხრიდან მისასვლელები) არქიტექტურული გადაწყვეტებით პარკის მისადგომების დაცვა; პარკში უნდა განთავსდეს თანამდროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო ტუალეტი. განისაზღვროს ლოკაცია,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.