რისი გაკეთება იგეგმება და ვინ განახორციელებს 13 მლნ-იან პროექტს თბილისში (+ფოტო)

თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ტენდერი იყო, რადგან 1-ლი, ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, რისი მიზეზიც სატენდერო კომისიის ცნობით, ხარჯთაღრიცხვის კორექტირების საჭიროება იყო.

პარკის მოწყობის მიზნით, ტენდერი მეორედ 1-ელ ივლისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 864 406 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 13 067 875.50 ლარზე გაფორმდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ: „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“ და „გრინსერვისი+“, რომელთაგან გამარჯვებულად სატენდერო კომისიამ „გრინსერვისი+“ ცნო. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

რეესტრის ბოლო, 9 სექტემბრის ამონაწერით, კომპანიის 34%-იან წილს ტარიელ კიკნაძე, 33%-33%-იან წილებს კი კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იყვნენ დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ 2007 წლის 1-ელ მაისს, ნაცნობების: მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძის და კობა ყორღანაშვილის მეშვეობით დააფუძნეს შპს "გრინსერვისი", რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც, მისი დაფუძნების დღიდან იყვნენ თვითონ. ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები ფურცხვანიძე და ხარშილაძე ტენდერს აცხადებდნენ სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, შპს "გრინსერვისი" ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც ცხადდებოდა უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომელიც წინასწარ შეძენილი ჰქონდა კომპანიას.

2010 წლის 16 ნოემბერს საზოგადოების რეალურმა დამფუძნებლებმა შეცვალეს საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები და თანაბრად გაიყვეს ფირმის 100 %-იანი წილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 1 381 487 ლარს, წილებზე საკუთრების მოპოვების კანონიერად წარმოჩენისათვის შეადგინეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები 100% წილის 400 ლარად შესყიდვის თაობაზე.

წილების ოფიცილურად გადაფორმების შემდეგ, 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერს და 2012 წლის 25 იანვარს ლაშა ფურცხვანაძემ და კობა ხარშილაძემ სამ ეტაპად განახორციელეს შპს "გრინსერვისის" მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემა 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით.

რაც შეხეება უშუალოდ პროექტს, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

თაია არდოტელი
ვინ მოამარაგებს თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება