„როდესაც ასეთ აკრძალვას აწესებ ან სპეციალურად აკეთებ, ან არ იცი რას კრძალავ და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს“ – ICR ონლაინ-შოპინგზე

„აი სი არ ჯგუფმა“, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს, 2020 წლის პირველი კვარტალი 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზარალით დაასრულა.

19 მარტს სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიების დახურვის შემდეგ, 1-ლი აპრილიდან ონლაინ გაყიდვებიც შეჩერდა. „ბიზნესპრესნიუსს“ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე ესაუბრა.

„პირველ კვარტალში მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ზარალი. რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების საქონელი გვიდევს საწყობში. ასევე, გვაქვს მომწოდებლების ვალები, კრედიტები ბანკებში“,-აღნიშნავს ხაზარაძე.

მისი თქმით, „აი სი არ ჯგუფის“ სახელმწიფოსგან საქონლის განბაჟებისას დამატებითი ღირებულების გადასახადი გადავადებას ითხოვს და ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზეც დააყენეს, თუმცა დღემდე არც აღნიშნულზე და არც ონლაინ ვაჭრობის ნებართვასთან დაკავშირებით, პასუხის არ აქვთ.

„ეკონომიკის მინისტრს სამი კვირის წინ შევხვდით. ვუთხარით ჩვენი პრობლემების შესახებ. ვუთხარით, რომ არანაირი საჩუქარი სახელმწიფოსთან არ გვინდა. გვქონდა განბაჟების ერთ თვიანი შეღავათი, რისი აღდგენაც ვთხოვეთ, რადგან 40 კონტეინერის მიღებას ველოდებით, გვითხრა, რომ სამართლიანი მოთხოვნაა და დაგიბრუნდებითო. გავიდა სამი კვირა. დაგვიბრუნდებიან კი არა, ონლაინ გაყიდვის უფლებას არ გვაძლევენ და არ გვიხსნიან რატომ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „ამაზონიდან“ გამოიწეროს და სახლში მიუვა პროდუქტი და ჩვენ ვერ ვყიდით, ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ონლაინ ვაჭრობის ნებართვის მოთხოვნის ფორმა შევსებული და გაგზავნილი გვაქვს, მზად ვართ, რომ მოვიდნენ და შეგვამოწმონ“,-აცხადებს კახა ხაზარაძე.

მისივე თქმით, ონლაინ გაყიდვები კომპანიებს პერსონალის 30% -ის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, აპრილიდან 900 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია.

„ონლაინ გაყიდვებზე საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 დღე ვიმუშავეთ და მოთხოვნა 5-ჯერ იყო გაზრდილი. წელს ონლაინ გაყიდვების ბაზარი დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იქნებოდა. ჩვენთან უამრავი ზარი შემოდის, განსაკუთრებით ბავშვის პროდუქციაზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეა მოთხოვნა. როცა მოთხოვნაა, შავი ბაზარი მუშაობს, რაც რისკს ზრდის, რადგან არაორგანიზებულად ხდება მიწოდება. ერთს ამბობენ და უფრო დიდ პრობლემას თავად ქმნიან. ონლაინ გაყიდვის არ აკრძალვით რითეილ ბიზნესი შეძლებდა ხელფასის გადახდას, დღგ-საც გადავიხდიდით. როდესაც ასეთ აკრძალვას აწესებ ან სპეციალურად აკეთებ, ან არ იცი რას კრძალავ და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

მარტში მიუხედავად იმისა რომ რეალიზაცია 70%-ით შეგვიმცირდა, ბანკიდან ავიღეთ სესხი და ყველას გადავუხადეთ მარტის ხელფასი, აპრილიდან ნახევარ განაკვეთზე ვამუშავებთ პერსონალის 6-7%-ს“,-აღნიშნავს ხაზარაძე.

მარიამ ტიტვინიძე
რომელი დაწესებულებები გაიხსნება 6 ივლისიდან
როდემდე იქნება სავალდებულო დისტანციურ რეჟიმში მუშაობა
როდიდან გაიხსნება რესტორნები, სავაჭრო მოლები და სილამაზის სალონები