თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 364 მიმდინარე, 268 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც მზიურში, საბავშო სათამაშო მოედანზე სათავგადასავლო სივრცის მოწყობას გულისხმობს.
„არსებული კონსტრუქციის კარკასი შენარჩუნდეს, გამაგრდეს და გარდაიქმნას თავისუფალ სათამაშო მოედნად - საცოცი ბადეებით, ბაგირებით, ჰამაკებით, საბავშვო ქვიშის მოედნითა და სხვა აქტიური და ინტერაქტიული გასართობებით. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ამ ტერიტორიაზე თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის მშენებლობაზე. მოთხოვნილი მოცულობის შენობა სრულად აითვისებს და დაჩრდილავს პარკის საჯარო, ღია სივრცეს და დაუკარგავს მას სათამაშო მოედნის ფუნქციას, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება. ჩვენი შემოთავაზებაა, ახალი მშენებლობის ნაცვლად, შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს არსებული სივრცითი სტრუქტურა და მიმდებარე გახსნილი სივრცე, რადგან ის პარკის ვიზიტორების ძირითად საორიენტაციო პუნქტსა და მნიშვნელოვან თავშეყრის წერტილის წარმოადგენს - სწორედ აქ ხდება სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გზების გადაკვეთა (სასმელი წყლის ონკანიც ამიტომაა აქ განთავსებული).
დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არ არსებობს ისეთი საჯარო სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშის შესაძლებლობა ექნებათ - არსებული სათამაშო მოედნების ძირითადი უმრავლესობა სტანდარტული ფორმის და შინაარსისაა (პლასტმასის ან ხის საქანელები, სასრიალოები და ა.შ.). არასტანდარტული, თავისუფალი სათამაშო სივრცე კი ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. ამასთან, ესეთი ტიპის მოედნები საშუალებას იძლევა სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობის ბავშვებმა ერთად ითამაშონ, განივითარონ ფიზიკური და სოციალური უნარჩვევები და საკუთარი ფანტაზიის მიხედვით წარმართონ თამაში.
სათავგადასავლო სათამაშო მოედნები ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და კვლევებში ხშირადაა ხაზგასმული მათი დადებითი გავლენა ბავშვების განვითარებაზე,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 2 აპრილამდეა.