მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს.

კერძოდ, პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 520 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ძირითადი მიზანია, ვაკის პარკისთვის შეიქმნას რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების და გადაკეთებების გარეშე. ამასთან, გასათვალისწინებელია პარკის ისტორიული იერსახის შენარჩუნება. პრიორიტეტულია კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის შესაბამისი ზონების მოწყობით.

სასურველია პარკის ტერიტორია დაიყოს შემდეგ ზონებად: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; ამფითეატრი; სპორტული სივრცე; საბავშვო სივრცე; სამაგიდო თამაშების სივრცე; პავილიონი ან/ და საზოგადოებრივი სივრცე (არსებული შენობების გათვალისწინებით); ძაღლების სასეირნო სივრცე; საპიკნიკე სივრცე; ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; მოეწყოს დამატებითი ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; პარკის მთელ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები; საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები; პარკის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნას (მიშველაძის ქუჩისა და კუს ტბის მხრიდან მისასვლელები) არქიტექტურული გადაწყვეტებით პარკის მისადგომების დაცვა; პარკში უნდა განთავსდეს თანამდროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო ტუალეტი,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე - გამარჯვებული პროექტი გამოვლენილია  (+ფოტო)
„რედისონთან გვირაბისა და მიწისქვეშა სატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება
როგორი იქნება პარკი თბილისში, რომლის მოწყობის ღირებულებაც 14.864 მლნ ლარამდე გაიზარდა (+ფოტო)